ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ახალი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.
ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მე-4 სართულზე განთავსდა, სადაც მოეწყო აუდიტორიები, არქივი, ბიბლიოთეკა და საგამომცემლო - პოლიგრაფიული ბაზა. ასევე ცენტრში განთავსებულია სპეციალური საგამოცდო სივრცე.
ქუთაისში ცენტრის განთავსება და მისი შესაძლებლობების გაფართოება საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით დაიგეგმა, რაც ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას ხელს შეუწყობს.
საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ახალი ცენტრი გახსნას ასევე ესწრებოდნენ, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის WIPO-ს აკადემიის დირექტორი ჰონგბინგ ჩენი, ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) კომისრის მოადგილე რუი ვენბიაო და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) აკადემიის დირექტორი პროფესიული სერტიფიცირებისა და სასწავლო პარტნიორობის მიმართულებით ხავიერ სეუბა.