საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია "სტანდარტები ტურიზმში" გაიმართა.
კონფერენციას აზიის განვითარების ბანკის, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის, მსოფლიო ტურიზმის ინსტიტუტის და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის ტურისტულ პოტენციალზე და ამ მიმართულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მან ხაზგასმით ისაუბრა, ქუთაისის როგორც ანტიკური და შუა საუკენეების მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქის როლზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.
"ქუთაისი საქართველოსა და ევროპის ერთ-ერთი უძველესი ისტორიულ-კულტურული კერაა. იგი კონტინენტის უძველეს ქალაქთა რიგს მიეკუთვნება და დღემდე რეგიონში სტრატეგიულ როლს ასრულებს.
ქუთაისი ისტორიულად საქართველოს ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო და ინტელექტუალურ ცენტრს წარმოადგენდა. გელათის აკადემიამ ქალაქი მთავარ სამეცნიერო-ფილოსოფიურ კერად აქცია. აკადემიაში, სადაც მოღვაწეობდნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი, სწავლება ბიზანტიური სისტემით (ტრივიუმითა და კვადრივიუმით) მიმდინარეობდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქართული თეოლოგიურ-ფილოსოფიური აზრისა და მწიგნობრობის განვითარებას.
ეს ტრადიცია XIX საუკუნეში ახალ ეტაპზე გადავიდა და ქუთაისი მთელი საქართველოს მთავარ საგანმანათლებლო ცენტრად იქცა. ქუთაისის კლასიკურმა გიმნაზიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებაში. სწორედ ამ ქალაქიდან და მის საგანმანათლებლო კერებიდან იღებდა სათავეს ქართული ინტელიგენციისა და საზოგადო მოღვაწეების უდიდესი ნაწილი.
ამ უმდიდრესი საგანმანათლებლო ტრადიციის პირდაპირი გამგრძელებელია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი — მრავალწლიანი ისტორიის, ძლიერი აკადემიური სკოლისა და ტრადიციების მქონე უმაღლესი სასწავლებელი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა რეგიონისა და ქვეყნის სამეცნიერო თუ ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებაში.
დღეს ქუთაისი ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი მიზანია ისტორიული მემკვიდრეობის დაკავშირება თანამედროვე ინოვაციებსა და ტექნოლოგიებთან.
ამ ისტორიულ-საგანმანათლებლო ტრადიციებს დღეს სრულიად ახალ, საერთაშორისო მასშტაბებსა და თანამედროვე სტანდარტებს სძენს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU). თავისი ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურით, მაღალი დონის სამეცნიერო-კვლევითი ბაზითა და საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობით, KIU წარმოადგენს რეგიონის ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც ქუთაისს გლობალურ საგანმანათლებლო რუკაზე ამკვიდრებს.
სწორედ ჩვენი ისტორიული აკადემიური ცენტრებისა და თანამედროვე საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმების ენერგია არის იმის გარანტი, რომ ქუთაისი კვლავ დაიმკვიდრებს საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ჰაბის სტატუსს." -აღნიშნა ქუთაისის საკრერებულოს თავმჯომარემ, გიორგი ჭიღვარიამ.