ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია დღეს ქუთაისი ვიცე-მერთან დავით ერემეიშვილთან, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან მამუკა რიჟამაძესთან ერთად, დასავლეთ საქართველოს ტუბერკულიოზისა და ინფექიურ პათოლოგიათა ცენტრს, „ლჯ და კომპანიას“ ესტუმრა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით კლინიკაში განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს კლინიკაში არსებულ მდგომარეობაზე და იმ სერვისებზე, რომელსაც „ლჯ და კომპანია“ ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით სთავაზობს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე და რეგიონში არსებული კლინიკების მეთოდოლოგიური დახმარების შესაძლებლობებზე.
შეგახსენებთ, რომ რეგიონულ დონეზე „ლჯ და კომპანია“ არის ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც კორონავირუსის სატესტო სინჯების ჩაბარება არის შესაძლებელი. ამ შესაძლებლობამ ვირუსის დიაგნოსტიკა 24 საათიდან 7 საათამდე შეამცირა. დღემდე ტესტირება გაიარა 106 მოქალაქემ, არცერთ მათგანს COVID-19 არ დაუდასტურდა. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე კვლევითი ლაბორატორიით და მძლავრი რეანიმაციული განყოფილებით, რომელსაც გამოცდილი ექიმი-ინფექციონისტების გუნდი ემსახურება.
„კორონავირუსი არის გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის მოქალაქეების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა, ერთი მხრივ, ორიენტირებულია დაავადების გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანია, სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი მულტი და მონო-პროფილური სერვისების კლინიკები იყვნენ მზად ყველა გამოწვევისთვის. აღსანიშნავია, რომ „ლჯ და კომპანიის“ სახით, ჩვენ გვაქვს მძლავრი რეგიონული ჰოსპიტალი, რომელიც პროფილიზებულია, სწორედ, ინფექციურ პათოლოგიათა მიმართულებით.
დღეს გავეცანით კლინიკაში არსებულ ვითარებას, ადგილზე არის სრული მობილიზება და მზადყოფნა დაავადების ადრეული გამოვლენის, პრევენციის და მართვის მიმართულებით, ვირუსის გავრცელების დღიდან, აღნიშნულ კლინიკაში გამოკვლეულ იქნა 106 პაციენტი. საბედნიეროდ, არცერთ მათგანს COVID-19 არ დაუდასტურდა.
მინდა, მადლობა გადავუხადო კლინიკის დირექტორს, ბატონ თემურ ნადირაძეს და მთელს სამედიცინო პერსონალს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან რეგიონში არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებას ექნება სრული მხარდაჭერა.