ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, განათლების ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს კიდევ ერთი ახალი პროექტი დაიწყება.
პროექტი „ აირჩიე პროფესია სკოლაში“ მიზნად ისახავს ქუთაისის საჯარო სკოლებში VIII, IX და X კლასელი მოსწავლეებისთვის დასაქმების კომპეტენციების გაძლიერებას, არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვის გზით.
აღნიშნული პროექტი ეტაპობრივად მოიცავს ქუთაისის ყველა საჯარო სკოლას. წელს პროექტში ჩაერთვება 6 მაღალკონტინგენტიანი სკოლა : 1-ლი, მე-2, მე-3, მე-17, 30-ე და 41-ე საჯარო სკოლები.
თითოეულ სკოლაში ჩამოყალიბდება მინიმუმ 30 მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებსაც, კვირაში ერთხელ, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, ჩაუტარდებათ შეხვედრები განსაზღვრულ თემებზე: საკუთარი თავის შეცნობა, რბილი უნარების გაძლიერება, ფინანსური წიგნიერება, ზრდაზე ორიენტირებული აზროვნება, პროფესიული ურთიერთობების დამყარება, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, მოთხოვნადი პროფესიები, სამუშაოს ძიების უნარები, სამუშაო ეთიკა და ქცევა, სამეწარმეო უნარები.
შეხვედრებს გაუძღვებიან გამოცდილი ახალგაზრდული მუშაკები და ტრენერები. პროექტის განხორციელებას ა(ა)იპ „ახალგაზრდული ჰორიზონტი“ უზრუნველყოფს.