ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში, ნარჩენების კომპოსტირების მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

15 ნოემბერი, 2019

ქუთაისში, ნარჩენების კომპოსტირების მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ინფორმაცია, საკომპოსტე მოედნის შესახებ, მოქალაქეებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააცნო, სწორედ იმ ადგილზე, სადაც მოედნის მშენებლობა იგეგმება. მისი განცხადებით, ქუთაისი იქნება პირველი საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, რომელსაც კომპოსტირების მოედანი ექნება. ქუთაისი აფართოებს ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას. ამ მიზნით, ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყობა 10 ადგილი, სადაც დაიდგმება სამი კონტეინერი პლასტიკის (ლურჯი ფერის კონტეინერი), ქაღალდის (ყვითელი ფერის კონტეინერი) და მინის (მწვანე ფერის კონტეინერი) განცალკევებული შეგროვებისათვის. ამის გარდა, ქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანზე დაიდგმება დამატებით 70 კონტეინერი პლასტიკის ნარჩენების შესაგროვებლად. ხოლო საჯარო სკოლებსა და დაწესებულებებში - 60 კონტეინერი ქაღალდის ნარჩენების შესაგროვებლად. კომპოსტირების მოედანის მოწყობა 6 თვის განმავლობაში დასრულდება. აშენდება შენობა, რომლის ფართი იქნება 3024 კვ.მეტრი. ცენტრი საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გადამუშავდეს ქალაქის ტერიტორიაზე წარმოქმნილი და შეგროვებული არანაკლებ 10 ათასი ტონა მწვანე ნარჩენი, რის შედეგად მიღებული იქნება არანაკლებ 1020 ტონა მზა პროდუქტი-კომპოსტი. კომპოსტირების მოედნის მშენებლობის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს
მერის მოადგილეებმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრი“-ს ხელმძღვანელმა ქეთევან ცხაკაიამ.
კომპოსტირების მოედნის მოწყობა იმ პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც 2018 წლის აგვისტოში დაიწყო ქუთაისის მერიამ. პროექტი „მდინარეები ნარჩენების გარეშე - სუფთა შავი ზღვა“ დაფინანსებულია ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის ფარგლებში და მის განხორციელებაში ჩართულია სამი ქვეყნის (საქართველო, მოლდოვა და რუმინეთი) ოთხი პარტნიორი. პროექტის წამყვანი პარტნიორია ქუთაისის მერია.

გააზიარე