მე და ჩემი ქალაქი

ფოტოკონკურსი "ილო"

2007 წლიდან ქუთაისში ყოველწლიურად ტარდება ფოტოკონკურსი "ილო", რომლის ორგანიზატორი მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურია. ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.
ფოტოკონკურს "ილოს" მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ფოტოხელოვანები და სტიმული მისცეს ქუთაისში ფოტოხელოვნების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ ისე მოყვარულ ფოტოხელოვანებს. კონკურსში გამარჯვებულთათვის – I, II და III ადგილის მფლობელებისთვის დაწესებილია ფულადი ჯილდოები.
წელს, ფოტოკონკურს "ილოს" ახალი ნომინაცია "ხალხის სიმპათია" დაემატა, რომლის გამარჯვებულიც სოციალურ ქსელ www.facebook.com–ზე გახსნილ გვერდზე განთავსებული სურათების მოწონებათა რაოდენობით გამოვლინდა.
სოციალურ ქსელში გამოცხადებული კონკურსის თემა გახლდათ "მე და ჩემი ქალაქი", სადაც ბევრი საკმაოდ საინტერესო ნამუშევარი შემოვიდა. ამიტომაც წლევანდელ ფოტოკონკურსს კიდევ ერთი სიახლე შეემატა – კონკურსში შემოსული ნამუშევრებით გამოიცემა მომავალი წლის კალენდარი.